საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავებს, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება.

"დღეს, 2020 წლის 08 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო ხმამაღალი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ადგილზე დგას მძაფრი, სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის სუნი, რის გამოც ტერიტორიაზე გაჩერება და მუშაობა რთულია. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდა მათი ოპერატორი, დაზინებულია მაუწყებლის კამერაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები", — წერია განცხადებაში.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობაც იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: