EMC მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წყლის ჭავლის გამოყენება ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობის სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.

EMC-ში ამბობენ, რომ არსებულ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა:

"მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: