ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო აქციის დაშლის შესახებ მოქალაქეების გარფრთხილება, რადგან ამ დროს ისინი ესროდნენ ქვებს პოლიციას.

"ქვებს ესვრიან პოლციელებს, ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. ვერ დავიწყებ გაფრთხილებას და ამის შემდეგ მოქმედებას. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა ყველანაირი, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. ამ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად", — განაცხადა მან.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობაც იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: