მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათ წყლის ჭავლს შეასხამენ, თუ სცემენ, "საქართველოს არ დათმობენ". ამის შესახებ ელისაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ, სანამ აქ არ ჩამოვა ის ქალბატონი [თამარ ჟვანია] და არ იტყვის რომ გადადგა, ეს ყველაფერი მთელი ღამე გაგრძელდება. ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელიც იტყვის, რომ მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოპარა არჩევანი და გადადგეს, სხვაგვარად არაფერი დაწყნარდება. ყველაფერს ვაპირებთ, სანამ არ იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა", — განაცხადა ელისაშვილმა.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: