ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ის და არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან კონტაქტზე გავიდნენ. მისი თქმით, პირიქით მოხდა და მათთან კონტაქტზე გავიდა თინა ბოკუჩავა, რომელმაც შეხვედრა შესთავაზა.

კობახიძის მტკიცებით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეხვედრა ორივე მხარესთან სურს დიპლომატიურ კორპუსს, ამიტომ განაცხადეს, რომ მათ ინიციატივას დაელოდებოდნენ.

"ნიკა მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ, თითქოს, ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშიდა, მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის პარლამენტის დეპუტატია და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი — მან გვთხოვა, ჩვენ დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშრებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საეთაშორიო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და როგორც მოგეხსენებათ, დიდ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივა დღეს შეხვედრის გამართვა არ ყოფილა."

ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილებმა უნდა გადაინაცვლონ, იქ დარჩნენ და კომენდანტის საათი დაუწესონ ცესკოს. ამ წუთებში მსვლელობა მიმდინარეობს. მელიამ აღნიშნა ისიც, რომ ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მათთან კონტაქტზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე გავიდნენ და ხვალ შეხვედრა შესთავაზეს. მელიას თქმით, არ აპირებენ, ჰიპოთეტურ შეთავაზებას დათანხმდნენ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ მათ დღესვე შეხვდეს.

ოპოზიციურ პარტიებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ და ხელისუფლებას დრო რვა საათამდე მისცეს. ესენია:

  1. ხელახალი, თავისუფალი და სამართლიან არჩევნები;
  2. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

მათ პასუხად მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მოთხოვნები აბსურდულია და სერიოზულად არ აღიქვამენ.

ამ წუთებში ოპოზიცია პარლამენტიდან ცესკოსკენ დაიძრა. მანამდე, 5 საათის განმავლობაში პარლამენტის წინ წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას მართავდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარტლამენტის მანდატებზე.

არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები.