ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილებმა უნდა გადაინაცვლონ, იქ დარჩნენ და კომენდანტის საათი დაუწესონ ცესკოს. მისი თქმით, ცესკოს შენობაში ვერავინ შევა და ვეღარავინ გამოვა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება ახლა აღსრულება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში", — განაცხადა მან.

მელიამ აღნიშნა ისიც, რომ ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მათთან კონტაქტზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე გავიდნენ და ხვალ შეხვედრა შესთავაზეს. მელიას თქმით, არ აპირებენ, ჰიპოთეტურ შეთავაზებას დათანხმდნენ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ მათ დღესვე შეხვდეს.

ოპოზიციურ პარტიებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ და ხელისუფლებას დრო რვა საათამდე მისცეს. ესენია:

  1. ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
  2. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

მათ პასუხად მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მოთხოვნები აბსურდულია და სერიოზულად არ აღიქვამენ.

ამ წუთებში ოპოზიცია პარლამენტიდან ცესკოსკენ დაიძრა. მანამდე, 5 საათის განმავლობაში, პარლამენტის წინ, წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები, საერთო აქციას მართავდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარტლამენტის მანდატებზე.

არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები.