ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე გავიდნენ და ხვალ შეხვედრა შესთავაზეს. მელიას თქმით, არ აპირებენ, ჰიპოთეტურ შეთავაზებას დათანხმდნენ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ მათ დღესვე შეხვდეს.

"კონტაქტი შედგა თალაკვაძესა და კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია, რაც მათგან არის, ხვალ იქნებ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია დღეს დაგველაპარაკოს", — განაცხადა მელიამ ულტიმატიმის დროის ამოწურვის შემდეგ.

ოპოზიციურ პარტიებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ და ხელისუფლებას დრო რვა საათამდე მისცეს. ესენია:

  1. ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
  2. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

მათ პასუხად მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მოთხოვნები აბსურდულია და სერიოზულად არ აღიქვამენ.

ამ წუთებში ოპოზიცია პარლამენტიდან ცესკოსკენ დაიძრა. მანამდე, 5 საათის განმავლობაში პარლამენტის წინ წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას მართავდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარტლამენტის მანდატებზე.

არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები.