მთავრობა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის იდეით გამოდის. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მაესტროს ეთერში აცხადებს, რომ ეს ინიციატივა განათლების რეფორმის ნაწილია, რადგან ადამიანი ჯანმრთელი და ჯანსაღი უნდა იყოს, სხვა დავალებების წარმატებულად შესასრულებლად:

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის გააზრება განათლების მთლიანი რეფორმის კონტექსტში, ხანდახან ჩვენ როცა სკოლაზე ვსაუბრობთ, გვახსენდება მხოლოდ აკადემიური მდგენელი, ანუ ფიზიკის, ან ქართულის, ან უცხო ენის სწავლა და გვავიწყდება, რომ, მგონი სისტემასაც დაავიწყდა, რომ ადამიანი თუ არ იყო ჯანმრთელი და ჯანსაღი, აზრი ფაქტიურად არ აქვს დანარჩენ აქტივებს".

ჯეჯელავა იშველიებს სტატისტიკას, და მას "გულდასაწყვეტს" უწოდებს. მისი თქმით, ბავშვების სულ რამდენიმე პროცენტია ჩართული ყოველკვირეულ აქტივობებში:

"ამ მოწყობილობების, კომპიუტერების, აიფონების, აიპადების ფონზე, არც ეზოში ჩადიან ჩვენი შვილები და არც დიდად აქტივობენ. სწორედ ამისი შეცვლა განვიზრახეთ ჩვენ. ვაპირებთ, რომ აქცენტი გავაკეთოთ არა ელიტარულ, არამედ მასობრივ სპორტზე. ვეძებთ სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებშიც ათობით კი არა, ასობით და ათასობით ბავშვი ჩაერთვება".

ჯეჯელავა არ უარყოფს, რომ სკოლების სპორტულ დარბაზებში ინფრასტრუქტურის პრობლემები არსებობს, თუმცა მისი თქმით, წლები დაიკარგება, საზოგადოება ამის სრულად მოწესრიგებას რომ დაელოდოს.

ახალი ინიციატივა, სახელწოდებით "ჯანსაღი თაობა", დღეს გაჟღერდა. მთავრობა აცხადებს, რომ სკოლებისთვის შემუშავდება ჯანსაღი ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა პროგრამა, რომელშიც ყველა მოსწავლე ჩაერთვება.

განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამა შემუშავდება, რათა ყველა ბავშვი ჩაერთოს მასში.

"ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტის იმ სახეობაში, რომელიც მათთვის მოსაწონი იქნება - კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი თუ რაგბი" - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ჩატარდება ყოველკვირეული, ახალგაზრდებისთვის სახალისო აქტივობა, ასევე, გამოყენებული იქნება ის ახალი შესაძლებლობები, რაც იქმნება კურორტებზე, ზამთრის სპორტის მიმართულებით.