წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა — ეს ფაქტი კი, შეიძლება ითქვას, თავად ბაიდენზე მეტადაც კი ჯენიფერ ლოურენსს გაუხარდა.

ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ამჟამად ბოსტონში იმყოფება ფილმ Don't Look Up-ის გადაღებებზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა იმდენად გაახარა, რომ ქუჩაში პიჟამებით და ყვირილით გაჭრას არ მორიდებია.

ვიდეოში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა, ლოურენსი ბაიდენის გამარჯვებას ენერგიული ცეკვით ზეიმობს.

"ერთკაციანი წვეულების მოწყობის გარდა სხვა გზა არ მქონდა", — დასძენს მსახიობი, რომელიც ვიდეოში Childish Gambino-ის ჰიტზე, This is America ("ეს ამერიკაა"), როკავს.

ცოტა ხნის წინ ლოურენსმა განაცხადა, რომ თუმცაღა იგი რესპუბლიკელი იყო, წლევანდელ არჩევნებში ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს უჭერდა მხარს, რადგან "დონალდ ტრამპი ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე წინ მუდამ საკუთარ თავს აყენებდა და დააყენებს".

"იგი ჩემს, როგორც ამერიკელის, და რაც მთავარია — ადამიანის — ღირებულებებს არ წარმოაჩენს", — აღნიშნა კინოვარსკვლავმა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, საპრეზიდენტო მარათონში გამარჯვებას ჯო ბაიდენი უკვე აღნიშნავს. მას გამარჯვება მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმაც.