ნეტფლიქსმა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე The Witcher-ის გადაღებები კვლავ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც სერიალზე მომუშავეთა ჯგუფის რამდენიმე წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა.

7 ნოემბერს COVID-19 გადასაღებ მოედანზე მყოფ 4 ადამიანს დაუდასტურდა, სტრიმინგ სერვისმა კი გადაწყვიტა, სერიალის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტაროს. ნეტფლიქსის განცხადებით, ამჟამად პერსონალის ყველა წევრი, ვისთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები არ არიან.

დასავლეთ ლონდონში, ერბორფილდის სტუდიის მიერ საგანგებოდ სერიალისთვის აგებულ ქალაქში გადაღებები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც კომპანია დარწმუნდება, რომ გადასაღები მოედანი უსაფრთხოა.

ფოტო: Netflix

The Witcher-ის გადაღებები პანდემიის გამო წლეულს უკვე მეორედ შეჩერდა. მარტის თვეში, მას შემდეგ რაც მსახიობ კრისტოფერ ჰივიუს კორონავირუსი დაუდასტურდა, სერიალის გადაღებები სხვა ათობით ფილმსა და სატელევიზიო შოუს წარმოებასთან ერთად შეწყდა. რადგან გაერთიანებულ სამეფოში გაზაფხულზე კარანტინი გამოცხადდა, ნეტფლიქსმა გადაღებების აღდგენა აგვისტომდე ვერ შეძლო.

The Witcher, რომელიც პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის, ეპიკური წიგნების საგაზეა დაფუძნებული, ტელეეკრანებზე 2019 წელს გამოჩნდა და ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალად იქცა — პირველ სერიებს 76 მილიონამდე ადამიანმა უყურა.

ჰენრი კავილი მთავარი პერსონაჟის — გერალტის — როლს არსულებს, რომელიც იმ სამყაროში ცდილობს საკუთარი ადგილის პოვნას, სადაც ადამიანები ხშირად ურჩხულებზე უფრო უკეთურები არიან.