სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს დამხობის საქმეზე ინტენსიური გამოძიება გამოძიება მტკიცებულებების შეკრებისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით მიმდინარეობს. სუს-ში ამბობენ, რომ ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

"2020 წლის 1 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით", — აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან მობილურ ჯგუფებს აკომპლექტებდნენ.

მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე.