The Sun წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მომავალ წელს გადადგომას აპირებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, რუსეთში საუბრობენ იმის შესახებ, რომ 68 წლის პრეზიდენტს, შესაძლოა, პარკინსონის დაავადება ჰქონდეს. რუსმა პოლიტოლოგმა, ვალერი სოლოვეიმ The Sun-ს უთხრა, რომ ოჯახის წევრები პუტინს თანამდებობიდან წასვლას ურჩევენ.

"ოჯახს მასზე დიდი გავლენა აქვს. ის [პუტინი] თავისი გეგმების გასაჯაროებას იანვარში აპირებს", — სოლოვეიმ უთხრა ახალი ამბების გამოცემას.

სოლოვეი ფიქრობს, რომ პუტინს პარკინსონის დაავადება უკვე აწუხებს, რადგან ცოტა ხნის წინ მას სიმპტომები გამოუვლინდა. The Sun-ის თანახმად, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პუტინი აგონიაშია და ფეხებსა და თითებს ვერ იმორჩილებს.

გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთის ხანგრძლივ მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია, რუს კანონმდებლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას დაემთხვა, რომლის მიხედვით ყოფილ პრეზიდენტებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან სამუდამო იმუნიტეტი ექნებათ.

თუმცა, პრეზიდენტის ადიმინისტრაციაში პუტინის თანამდებობიდან, შესაძლო, წასვლასა და დაავადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. კრემლში ამბობენ, რომ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვენიერია და გავრცელებულ ხმებს სისულელე უწოდეს.