ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) განცხადებით, ფეისბუქის მიერ წაშლილ პატრიოტთა ალიანსის ქსელს კავშირი აქვს POSTV-სთან. კერძოდ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე წაშლილ ფეისბუქგვერდს და ცრუმედიას მართავდა POSTV-ის სოციალური ქსელების მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ამაშუკელი.

"DFRLab-მა გამოავლინა, რომ ამ ქსელს კავშირი აქვს PosTV-სთან, პროსახელისუფლებო არხთან, რომელიც ხშირად ესხმის თავს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებს, პროდემოკრატიულ აქტივისტებს და NGO-ებს", — წერია მათ განცხადებაში.

მათივე თქმით, გიორგი ამაშუკელისა და პატრიოტთა ალიანსის ქსელის ერთ-ერთი ფიგურანტის, ბექა წულაიას ანგარიშები, ასევე, საჯარო ჯგუფ Dailyinfo.ge-ს ადმინისტრატორები არიან, რომელიც წინასაარჩევნოდ გადაკეთდა და მანამ "მილანის ქართველი გულშემატკივარები" ერქვა.

ფოტო: DFRLab

DFRLab-ში განმარტავენ, რომ ეს ვებგვერდები დაკავშირებულია პატრიოტთა ალიანსთან აფილირებულ მედია Tinp.ge-სთან, რომელიც ღიად არ პოზიციონირებს, როგორც ამ პარტიის მედიაგამოცემა, თუმცა მათ უწევს პროპაგანდას. მათივე თქმით, ამ ქსელის გასაფართოებლად ისინი ქმნიდნენ სხვადასხვა ცრუმედია გვერდს.

"ვებსაიტები Dailyinfo.ge, Sporty.ge და blogsport.ge, AoP-თან დაკავშირებულ Tinp.ge-სთან ერთად შეიქმნა იმავე ვებსაიტის დიზაინერი კომპანიის, Srudio GB-ის მიერ. ამ ქსელში სხვა გვერდები იყო ფარული და ჰქონდათ შეცდომაში შემყვანი ისეთი ზოგადი სახელები, რაც გვერდის ოპერატორებს საშუალებას აძლევდა, გაეძლიერებინათ კონკრეტული კონტენტი, პოლიტიკური მიკერძოების აშკარა ნიშნის გარეშე", — წერია განცხადებაში.

ფოტო: DFRLab

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge-მ POSTV-ის მეწილესთან და ტელეწამყვანთან, შალვა რამიშვილთან სცადა დაკავშირება და ამ საკითხზე კომენტარის მიღება, თუმცა ის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ფეისბუქმა პრორუსულ პარტიასთან, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. ფეისბუქის განცხადებით, მასში ჩართული მომხმარებლები არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევას ახორციელებდნენ და მათი სამიზნე წინასაარჩევნოდ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ქსელის პოსტების შინაარსი შიდა პოლიტიკასა და არჩევნებს მოიცავდა.

როგორც DFRLab-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, პროდასავლური ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, პატრიოტთა ალიანსის პარტიის პოპულარობისა და ანტიდასავლური ნარატივის გასაზრდელად, ქსელის წევრები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებს.

არაავთენტური კოორდინირებული ქცევის დროს, პოსტებით ისინი განიხილავდნენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აქვეყნებდნენ მიმებს ამავე თემაზე, მხარს უჭერდნენ პატრიოტთა ალიანსის გადაწყვეტილებებს, აკრიტიკებდნენ მათ პოლიტიკურ ოპონენტებს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სწრაფვას.

ბოლო სამი წელია, Facebook-ი იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. აქამდე საქართველოში ქართულ ოცნებასთან, სარეკლამო კამპანია პანდასთან, კოკა ყანდიაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები წაშალეს. ოქტომბერში კი სოციალური ქსელის გიგანტმა, თავისი პლატფორმიდან პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა.

განახლება: POSTV-ს ეთერში არხის გენერალურმა პროდიუსერმა, შალვა რამიშვილმა DFRLab-ის ინფორმაციას ყალბი უწოდა და ამტკიცებდა, რომ კვლევაში ნახსენები გიორგი ამაშუკელი მათთან არ მუშაობს. ამავე ეთერში შალვა რამიშვილი სექსისტური შინაარსის ფრაზებით ამტკიცებდა იმასაც, რომ POSTV ყალბ ნიუსებს არ ავრცელებს.

გაიგეთ მეტი: