სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან 37 დღის შემდეგ, 4 ნოემბრს 14 წლის აუტისტი ლუკა ფსიქიატრიული კლინიკიდან სახლში დაბრუნდა. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

აგვისტოში ლუკა ფსიქიატრიულ კლინიკაში მხოლოდ იმიტომ გადაიყვანეს, რომ სახელმწიფო შესაბამის სერვისს ვერ სთავაზობს მაშინ, როცა მას განსაკუთრებული ყურადღება და სპეციალური თერაპიული სერვისი სჭირდება.

28 სექტემბრს კი ოჯახისა და PHR-ის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ მთავრობას დაავალა, ოჯახისთვის ორი თერაპიული კვალიფიკაციის მქონე პერსონალური ასისტენტი გამოეყო, რომლებიც 12 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით ლუკასთან იქნებიან და მას შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

როგორც PHR-ის ხელმძღვანელმა და ლუკას ადვოკატმა, ანა აბაშიძემ On.ge-ს უთხრა, ლუკა აუტისტია გამომწვევი ქცევით, სწორედ ამიტომ, პერიოდულად, როცა მოზარდის ქცევა უმართავი ხდებოდა და დედა ვერ უმკლავდებოდა.

მორიგი შემთხვევა, როცა ლუკა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, 28 აგვისტოს იყო. როგორც ანა აბაშიძე ამბობს, მას სპეციალური თერაპიული სერვისი სჭირდება და არა დიდი ზომის ინსტიტუციაში გამოკეტვა. PHR-ის დახმარებით ლუკას დედამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც მსგავსი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შესაბამის სერვისს ითხოვდა.

"ლუკას მდგომარეობა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სტრუქტურული დისკრიმინაციის მაგალითს სახელმწიფოს მხრიდან. ვინაიდან ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისების არქონა ლუკას არა მხოლოდ უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით და UN CRPD-ით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, იწვევს მის იძულებით ინსტიტუციონალიზაციას და წარმოადგენს ბავშვის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას", — აცხადებენ PHR-ში.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არის დღემდე უპრეცედენტო შემთხვევა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების, თემში ცხოვრების შესაძლებლობის დაცვის მაგალითი. ორგანიზაციის განცხადებით, გააგრძელებენ სასამართლოს გზით ლუკას უფლებების დაცვას და ბრძოლას ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შესაქმნელად.