სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და მოსახლეობამ ქვეყანაში Covid 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება.

ასევე, ის წერს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის.

"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს", — წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გაზრდილი მოსახლეობის მობილობა ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

"ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას", — წერს სახალხო დამცველი.

ის ავრცელებს სხვადასხვა სახის მოწოდებებს მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციების, მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების მიმართულებით და მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების ეფექტური აღსრულება.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში Covid 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება", — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ის ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციებს, სამართლიანი პროცედურების დაცვით, განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები.

"სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას", — წერია განცხადებაში.

ის ასევე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა.

"შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის მიმართ", — წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის პრევენციისთვისაა საჭირო.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს განუხრელად შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას; ასევე პირბადით სწორად სარგებლობას, მათ შორის, უკვე ღია სივრცეებში, ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვას, რაც დღესდღეობით ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად", — წერია სახალხო დამცველის დასკვნაში.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს.