საოჯახო ტიპის სახლი ოჯახთან მიახლოებული გარემოა სადაც შშმ პირებს საშუალება აქვთ იცხოვრონ, მიიღონ ის ზრუნვა და სერვისები, რასაც ოჯახურ გარემოში მიიღებდნენ. განსხვავებით დიდი ინსტიტუციებისა, როგორიცაა შშმ პირთა თავშესაფრები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები, აქ არ ხდება ამ ადამიანები გარიყვა საზოგადოებიდან, პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა ეძლევათ, რომ იყვნენ დამოუკიდებელნი, გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი უნარები, ეძლევათ საშუალება დასაქმდნენ და თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.

საქართველოში და პოსტ საბჭოთა სივრცეში პირველი ასეთი საოჯახო ტიპის სახლი გურჯაანში გაიხსნა. შენობა სადაც პირველი ასეთი ოჯახი დაფუძნდა, ამ იდეის ავტორს და ინიციატორს, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის — ხელი ხელს ხელმძღვანელს, მაია შიშნიაშვილს ეკუთვნოდა.

ფოტო: ASB Georgia

მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელსაც საკმაოდ იშვიათი სინდრომი აქვს. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ მხარდაჭერა, მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. როცა ვფიქრობდი ჩემი შვილის მომავალზე, ვფიქრობდი იმაზე, რომ დღეს ის გარშემორტყმულია ყურადღებით ოჯახის წევრების მხრიდან, მაგრამ როდესაც გამოვეცლებით ხელიდან მერე რა ხდება? რა ჩაანაცვლებს ამ ყველაფერს?

მაია შიშნიაშვილი

ფოტო: ASB Georgia

ასე დაიბადა იდეა, შექმნილიყო ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული საცხოვრისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. საჭირო იყო, შექმნილიყო სერვისის მოდელი, რომელსაც შემდეგ შესთავაზებდნენ სახელმწიფოს, რომელიც, თავის მხრივ, ამ სერვისის მხარდამჭერი და გარანტი გახდებოდა.

ფოტო: ASB Georgia

გამოჩნდა დონორი, რომელმაც ირწმუნა ამ იდეის და ენდო საორგანიზაციო ჯგუფს, თუმცა თანხები არ იყო საკმარისი საცხოვრებლის შესაძენად, რამაც გადააწყვეტინა მაიას საკუთარი სახლი დაეთმო ამ საქმისთვის.

ფოტო: ASB Georgia

პირველი სახლის გახსნიდან სამი წლის შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ ეს მოდელი მუშაობს და წარმატებულია, არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი ხელს მაია შიშნიაშვილის თაოსნობით, შშმ ბავშვთა მშობლების მოძრაობასთან ერთად, დაიწყო ადვოკატირება სახელმწიფოსთან, რომ ეღიარებინა ეს მოდელი და შეექმნა სტანდარტები მისი დანერგვისთვის.

ფოტო: ASB Georgia

სახელმწიფო პროგრამაში არსებობს სათემო საცხოვრისების ქვეკომპონენტი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 24 ადამიანი აცხოვრო ასეთი ტიპის საცხოვრებელში, მაგრამ საოჯახო ტიპის საცხოვრებლის იდეა და მიზანი სხვა სტანდარტების დანერგვა იყო, ასეთი ტიპის სახლში მაქსიმუმ 5-6 ადამიანი ცხოვრობს, რაც ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს ქმნის. ვინაიდან ეს იყო პირველი საოჯახო ტიპის სახლი, მისი შესაფერისი სტატუსი კანონში ჯერ არ არსებობდა, ამიტომ ხელი ხელს პროგრამაში მონაწილეობდა და დაფინანსებას იღებდა სათემო საცხოვრისის სტატუსით.

ფოტო: ASB Georgia

ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენ ვიყავით საოჯახო ტიპის საცხოვრებელი. მეკითხებოდნენ, რატომ გინდა ამ სტატუსის შეცვლა, ეს ხომ ხელს არ გიშლის საქმიანობაშიო, თუმცა სახელის დარქმევა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ ამ მოდელზე დაყრდნობით შეიქმნას სხვა საცხოვრისები, საჭიროა სწორი სახელდება

მაია შიშნიაშვილი

ფოტო: ASB Georgia

ადვოკატირების კამპანიამ დაიწყო მუშაობა სტატუსის შეცვლის მოთხოვნის კუთხით. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფებისთვისაც ძალიან ხილული გახდა ის ცვლილებები, რასაც ეს ადამიანები განიცდიდნენ მსგავსი მხარდაჭერის პირობებში, თუ როგორ იზრდება მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შევიდა კანონში ცვლილება და გაჩნდა ჩანაწერი "შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საცხოვრებელი".

ფოტო: ASB Georgia

კანონში შესული ცვლილება იყო მთავარი გამარჯვება. ამ დროს დაფინანსების გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა, პრიორიტეტული იყო სტატუსის მინიჭება. რაც უკვე ხარისხის გარანტიას წარმოადგენდა.

ფოტო: ASB Georgia

ამის შემდეგ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება საადვოკაციო საქმიანობაში იყო სტატუსის შეცვლის შემდეგ დღიური დაფინანსების ცვლილება. ადვოკატირების დროს სამიზნე იყო პარლამენტი. თავდაპირველად იყო სამინისტროსთან თანამშრომლობის მცდელობა, თუმცა, უარის შემდეგ გადაწყდა, ღია წერილით ოფიციალურად პრემიერ მინისტრისათვის მიემართათ.

ფოტო: ASB Georgia

მიუხედავად პრემიერის მხრიდან მხარდაჭერისა, საკითხმა დიდი კამათი გამოიწვია ფინანსთა სამინისტროში, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თუ საოჯახო საცხოვრებლებს გაუზრდიდნენ დაფინანსებას, უნდა გაზრდილიყო სხვა დაწესებულებებისთვისაც და ასეც მოხდა. საოჯახო საცხოვრებლებისთვის მოთხოვნილი 150 000 ლარი წელიწადში გაიზარდა დამატებით ორ მილიონ ლარამდე.

ფოტო: ASB Georgia

საბოლოო ჯამში შშმ ბავშვთა მშობლების ჩართულობით და მხარდაჭერით, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის — ხელი ხელს და მისი ხელმძღვანელის მაია შიშნიაშვილის მიერ სწორად მიმართული ადვოკატირების კამპანიის შედეგად, 2018 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ საცხოვრებლებს დაფინანსება გაეზარდა იმ დროს არსებული დღეში 16 ლარიდან 30 ლარამდე.

ფოტო: ASB Georgia

ამ ეტაპზე საქართველოში 5 საოჯახო სახლია, სამი არის კახეთში და ორი თბილისში. თითოეულ სახლში 5-6 ოჯახის წევრია. თითოეულ ოჯახს ყავს ასისტენტი, არა ზედამხედველი ან ძიძა, არამედ მხარდამჭერი, რომლებიც ამ ადამიანებს უწევენ დახმარებასა და მხარდაჭერას დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრების პირობებში.

ფოტო: ASB Georgia

ფოტო: ASB Georgia

ეს ფოტო ისტორია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ASB საქართველო და არ ნიშნავს, რომ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს.

This Photo story is produced with the assistance of the European Union its content is the sole responsibility of ASB Georgia and does not reflect the views of the European Union.