გარდაბანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე ერთი პირი 4 კილოგრამი ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ავტომობილით გადაადგილებისას გააჩერეს, ავტომობილის ჩხრეკისას კი 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.