დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის თქმით, წაულას ფერმებში აღმოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ქვეყანაში 17-მილიონამდე ცხოველს დახოცავენ.

ფრედერიკსენი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურებმა ადამიანებსა და წაულების პოპულაციაში კორონავირუსის მუტაციური სახე აღმოაჩინეს, რომელიც ანტისხეულებისადმი შემცირებული მგრძნობელობით გამოირჩევა, ეს კი პოტენციური ვაქცინის ეფექტურობასაც ამცირებს.

"ჩვენი მოსახლეობისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, თუმცა ახლადაღმოჩენილი მუტაციის გამო პასუხისმგებლობა გვეკისრება მსოფლიოს წინაშეც", — განაცხადა ფრედერიკსენმა პრესკონფერეციაზე.

სერუმის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ აღმოჩენილი ფაქტები, რომელიც ლაბორატორიულ ანალიზს ეყრდნობა, უკვე შეატყობინეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი შემთხვევების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა, გასულ კვირას უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა დააანონსა. კვლევა შეისწავლის, როგორ აინფიცირებს ადამიანი კორონავირუსით წაულას და შემდეგ — წაულა ადამიანს.

"დანიისგან მივიღეთ ცნობა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ადამიანი წაულასგან კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ შემთხვევებში ვირუსში გენეტიკური ცვლილება იყო", — განაცხადა ჯანმომ, — "ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში საკითხის მნიშვნელობას დანიური სამსახურები შეისწავლიან".

დანიური სამსახურების ცნობით კი, ქვეყანაში მდებარე წაულას ფერმებში ახალი ვირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 კი — ადამიანებში გამოვლინდა. ჩრდილოეთევროპულ ქვეყანაში, რომელიც წაულების ბეწვის უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში, ამ სახეობის ცხოველთა პოპულაცია 15-დან 17 მილიონამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისის შემდეგ გამუდმებით ცდილობენ, დაინფიცირებული წაულები დახოცონ, ფერმებში ვირუსი მაინც გავრცელდა, ამიტომ, ფრედერიკსენის განცხადებით, ცხოველების განადგურების პროცესში დანიის პოლიცია, არმია და დაცვის სამსახურიც ჩაერთვებიან.

ორჰუსის უნივერსიტეტის ვეტერინარიის და გარეული ცხოველების მედიცინის პროფესორი, კრისტიან სონე, წერილში აღნიშნავს, რომ მისი რწმენით, პოპულაციის შემცირება, როგორც პრევენციის ზომა, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან იგი დაავადების ახალი, უფრო რთულად სამართავი აფეთქების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ თანაავტორობით შექმნილ წერილში სონე წაულების განადგურებას მხარს უჭერს.

"ჩინეთმა, დანიამ და პოლონეთმა დაუყოვნებლივ, სრულად უნდა აკრძალონ წაულების პროდუქციის წარმოება", — ნათქვამი წერილში.

დანიის ჩრდილოეთით, სადაც წაულების ფერმების უმეტესობაა განთავსებული, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.

"ყველაზე საშინელი სცენარი ახალი პანდემიაა, რომელიც, ამჯერად, დანიიდან დაიწყება", — აღნიშნავს კარე მოლბაკი, სერუმის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ წაულების პოპულაციის დახოცვა ინფიცირების შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ნიდერლანდებსა და ესპანეთშიც.