აშშ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა. საერთაშორისო პაქტი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ კრიზისზე პასუხს და იმ ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად, რომელიც ატმოსფეროში სათბურის ეფექტს ქმნის და ტემპერატურას ზრდას უწყობს ხელს.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ხელშეკრულების დატოვების შესახებ გასულ წელს შეატყობინა, პროცედურის შემდგომი სავალდებულო ერთწლიანი მოცდის ვადა კი 4 ნოემბერს ამოიწურა.

პარიზის შეთანხმებაში აშშ-ის მონაწილეობის ბედი ახლა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული.

ტრამპს დატოვება სურს, ბაიდენს — დარჩენა

დონალდ ტრამპმა, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების მოწინააღმდეგეა, მსოფლიოს ეკოლოგიური რეალობისთვის უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების დატოვების სურვილი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვა, თუმცა გაერომ პირველი სამი წლის განმავლობაში წევრი ქვეყნების შეთანხმებიდან გასვლა აკრძალა. ტრამპის გეგმამ კრიტიკა დაიმსახურა არაერთი ცნობილი ადამიანისგან, მათ შორის 2016 წლის არჩევნებში მონაწილე დემოკრატი კანდიდატის — ჰილარი კლინტონისგან.

იმ შემთხვევაში თუ ტრამპი მეორე ვადით გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, აშშ, რომელიც ჩინეთის შემდეგ გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, შეთანხმების მიღმა აღმოჩნდება.

პრეზიდენტობისას ტრამპმა რამდენიმეჯერ დააყენა ეჭვქვეშ კლიმატის საკითხები, მხარი დაუჭირა წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას და შეამსუბუქა გარემოს დაცვითი ღონისძიებები.

ამის საპირწონედ, ტრამპის დემოკრატმა ოპონენტმა 2020 წლის არჩევნებში, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეუერთდება კვლავ პარიზის შეთანხმებას.

ბაიდენის შეფასებით, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა "სამყაროს არსებობისთვის უდიდესი საფრთხეა" და აშშ-ს "მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება კრიზისთან გამკლავებაში".

ბაიდენმა ასევე წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლების განმავლობაში $1,7 მილიარდი დაიხარჯება, რათა 2050 წლისთვის ნახშირბადის ნარჩენები ნულამდე შემცირდეს.

კლიმატის კვლევრების თქმით, თუ მსოფლიოში ტემპერატურა პრეინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით 2 გრადუსით გაიზრდება, ეს საუკუნის დასასრულს კატასტროფული მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს. ამ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მსოფლიოში ნარჩენებით დაბინძურება საუკუნის შუა წლებისთვის 0-ს მიუახლოვდება

არჩევნების შედეგებისდა მიუხედავად, აშშ გაერთიანებულ სამეფოსა და გაეროს 12 დეკემბერს, შეთანხმების 5 წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზე ვერ შეუერთდება.