უსაფრთხოა იმის ხმამაღლა თქმა, რომ 2020 წელი კარგი არ ყოფილა. უცნობმა ვირუსმა თავდაყირა დააყენა არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრება, მთელი სამყარო. შევეგუეთ გეგმების გადაწევას, ჩაშლილ მოგზაურობებს, დაბადების დღეების მარტო აღნიშვნას, სახლში გამოვიკეტეთ და კომენდანტის საათსაც გავუგეთ გემო. ალბათ საუკეთესო რამ, რასაც 2020 წელი მოგვიტანს, ისაა, რომ 2 თვეზე ნაკლებ დროში დასრულდება.

მაგრამ, ამასთან ერთად ვისწავლეთ პრობლემებთან გამკლავების ახალი გზები, საერთო გაურკვევლობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა და მეტად ემპათიურებიც გავხდით. სირთულეების გადალახვაში სოციალური ქსელები და უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან დაგვეხმარა. და რადგან უამრავი ჩვენგანი სტრესს და ნეგატიური ინფორმაციის ნაკადს იუმორით, სარკაზმით და ხუმრობებით უმკლავდება, მნიშვნელოვანია ამ დროს მარტო არ იყო.

ზრუნვის ემოჯის გარდა, ფეისბუქი ჯგუფებსაც გვთავაზობს. ვირტუალური თავშეყრის ასეთი ადგილები კი რეალობას ცოტა ხნით დაგავიწყებთ. დღეს ზუსტად ის ხუთი ჯგუფი შეგირჩიეთ, სადაც მოწყენილობას, არჩევნებს, კორონავირუსსა და ზოგადად 2020 წელს მარტივად დაივიწყებთ. აი ისინიც:

1. წიწაკების სამყარო

ფოტო: Natasha Ametrano

90-იანების ბავშვები ხშირად ვეჯიბრებოდით და-ძმებს ან თანატოლებს ყველანაირ სისულელეში. ვინ უფრო დიდი ხანი შეძლებდა სუნთქვის შეკავებას, ვინ გაბედავდა საყინულეზე ენის მიდებას, ვინ უფრო მეტ ცხარე წიწაკას შეჭამდა უპუროდ (don't try this at home) და ა.შ. ალბათ ისიც გაგიგიათ, რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ცხარე კერძები, მით უფრო რისკიანი და საინტერესო ცხოვრება აქვს (sure, Jan).

მოკლედ, ჯგუფი წიწაკების სამყარო სწორედ მათთვისაა, ვისთვისაც წიწაკების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა ეს მათ მოხმარებას ეხება, კულტივაციას, უბრალოდ ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა სახეობაზე თუ ა.შ.

აქ მარტო შენს საყვარელ წიწაკებზე ლაპარაკობენ!

2. რემონტი

ფოტო: Guillaume Kurkdjian

თვითიზოლაციაში აღმოვაჩინეთ, რომ სახლი ის ადგილია, რომელიც ჩვენი განწყობისა და ხასიათის მიხედვით უნდა მოვაწყოთ. და კი, უფრო ხშირად, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით.

ამ ჯგუფში საკუთარ ბინებზე მზრუნველი, დამოუკიდებელი ადამიანები ერთიანდებიან და აქ დაგხვდებათ პოსტები ყველაფერზე — ოთახის ფერის შერჩევაზე კითხვებიც და რჩევებიც, როგორ გავავლოთ მუსრი ტარაკნებს.

შეიძლება სასაცილო ამბებიც შეიტყო, მაგალითად როგორ დასრულდა სახლის შეცდომით მეზობლისთვის გარემონტების ამბავი.

3. საქართველოს ველური ბუნება

ფოტო: Zak Steele-Eklund

ამ ჯგუფში მართალია პროფესიონალი ბოტანიკოსებიც არიან, რომლებიც შენს ყველა კითხვას უპასუხებენ, მაგრამ მთავარი მაინც მისი მოყვარული წევრები არიან.

აქ ყველანაირ კითხვას შეხვდები:

"თქვენი აზრით, ეს სორო ვისი იქნება? შევიდე? რო რამე, ადამიანიც შეეტევა? მომივა რამე?" "ეს მატლი ვიპოვე და როგორ გამოვზარდო?" "გუშინ ორი კალია ვაჩხუბე!" "აი ასეთი 2-მეტრიანი ობობა შემოვიდა იმ დღეს ჩემთან ოთახში, ჰარი პოტერში რომაა ისეთი, მარა სულ არაა საშიში"... და ასე დაუსრულებლად.

მოკლედ, თუ ბავშვობის ინტერესები ჯერ კიდევ შემოგრჩა და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაწუხებს ჩვენი სამშობლოს ფლორასა და ფაუნაზე, ეს ჯგუფი შენთვისაა.

4. საქართველოს სოკოები

ფოტო: Zach Wilkinson

თუ სოკოების მიმართ არანორმალური სიყვარული და ინტერესი არ გამოძრავებს, პირდაპირ შემდეგ ჯგუფზე გადადი.

მაგრამ, თუკი "ჯადოსნური სოკოები და სად ვიპოვოთ ისინი!" თქვენი ცხოვრების დევიზია, ამ ჯგუფში აუცილებლად გაწევრიანდი და მისი მეგობრული ატმოსფერო ისევე შეგიფარებთ, როგორც ქუდიან მცენარეებს შეეფერებათ.

5 ქართული ფეიჯი, რომლის გარეშეც ფეისბუქი მოსაწყენი იქნებოდა

5. ჯგუფი, სადაც ისე ვიქცევით, თითქოს არჩევნები და კორონა არ არსებობს

ფოტო: Rafael Varona

ამ ჯგუფის შემქმნელს ან სოციალური მედიის საკითხები ესმის მშვენივრად, ან ადამიანების გამხიარულებაზე ზრუნავს, ან უბრალოდ გენიოსია, ან სამივე ერთად.

როგორც უკვე სახელით მიხვდი, ამ სივრცეში აკრძალული სიტყვებია კორონა და არჩევნები. ის ზუსტად 31 ოქტომბრის წინა ღამით შეიქმნა (დიახ, გვახსოვს იმ პირველ ათეულობით იღბლიანს, რომელიც მასში თავიდანვე მოვხვდით). ჰოდა აქ ყველაფერზე შეგიძლია ისაუბრო და ბევრი იცინო.

გაფრთხილება: ისე იცის ჩათრევა, რომ 2020-ის, კორონას და არჩევნების გარდა საკუთარი საქმეებიც გავიწყდება. ამიტომ, შესვლამდე მაღვიძარას დაყენებას გირჩევ!

ბონუსი: დღეს რა ვჭამოთ?

ფოტო: Buzzfeed

  1. აღარ იცი რა გამოიძახო ამჯერად და რჩევა გჭირდება?
  2. მაცივარში კვერცხი, ბროკოლი, ღვინო და ცოტა გახეხილი ყველი გაქვს და გაინტერესებს, მათი ერთმანეთში არევა რამდენად უსაფრთხოა?
  3. საოცარი კექსი გამოაცხვე და გინდა მეგობრების გარდა კულინარიის ათასობით მოყვარულსაც გაუზიარო?
  4. ან უბრალოდ გემრიელი საჭმელების თვალიერება შენი ფეტიშია?

თუ ამ კითხვებიდან 3-ზე მაინც სცემ დადებით პასუხს, მაშინ ბონუსად ფეისბუქის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალისიანი ჯგუფი, რომელიც ნამდვილად შენთვისაა შექმნილი.

თუ აქ ჩამოთვლილი ჯგუფებით შენი ინტერესები ვერ დავფარეთ, გადაავლე თვალი On.ge-ის ჯგუფებს. დარწმუნებული ვარ, შენს შესაფერისს აუცილებლად იპოვი!