დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია — მარტვილისა და ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმე ვიზიტორთა მიღებას დროებით შეაჩერებს.

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდის.

"დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით", — აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ფიზიკური კონტაქტის შესამცირებლად, სააგენტო მომხმარებლებს თხოვს, მოგზაურობამდე რეგისტრაცია დისტანციურად, ტელეფონის ან შესაბამისი დაცული ტერიტორიის Facebook გვერდის საშუალებით გაიარონ.