სამშაბათს, 3 ნოემბერს, ორეგონი გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც "ზომა 109-ის" მიღების შემდეგ ფსილოციბინის — სოკოებში არსებული ბუნებრივი ფსიქოდელიური ნივთიერების — ლეგალიზება მოხდა.

სოკოების კანონპროექტი "ზომა 109" ლიცენზირებულ ცენტრებში მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობის პროცესში პაციენტებისთვის ფსილოციბინის მიცემის უფლებას იძლევა. საამისო მარეგულირებელი დეტალები — მათ შორის ის, თუ როგორ უნდა კვალიფიცირდე ფსილოციბინის მოხმარების მეთვალყურე თერაპევტად — კანონპროექტის მიხედვით მომდევნო ორი წლის განმავლობაში დადგინდება.

შერი და ტომას ეკერტები, ამ ზომის მთავარი მოსარჩელეები, ფსიქოთერაპევტები არიან და, მათი თქმით, ფსილოციბინს შეუძლია, ხალხს დეპრესიის, შფოთვისა და დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს.

რიგ უნივერსიტეტებში — მათ შორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ლონდონის საიმპერიო კოლეჯსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში — ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიასთან, პოსტ-ტრავმულ სტრესსა და ადიქციასთან ბრძოლაში ფსილოციბინის თერაპიას საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები აქვს.

"ახალი გზები გვჭირდება, ეს კი საფუძვლიანი თერაპიული გზაა, რომელსაც ათასობით ადამიანის დახმარება შეუძლია", — განაცხადა ტომ ეკერტმა სექტემბერში OregonLive-თან საუბრისას.

ახალი კანონი ყველას, ვინც 21 წლის ან უფრო მეტისაა და შემოწმებას გაივლის, იმის საშუალებას მისცემს, რომ მიიღოს ამ სერვისზე წვდომა "პირადი განვითარებისთვის".

თუმცა ახალი კანონი არ ნიშნავს, რომ "ჯადოსნურ" სოკოებს ისეთივე ლეგალური სტატუსი აქვს, როგორიც მარიხუანას. ნაცვლად ამისა, ეს კანონი იმის უფლებას იძლევა, რომ ფსილოციბინი ლიცენზირებულ დაწესებულებებში შეინახონ და პაციენტებს დაუნიშნონ.

გარდა ამისა, წლევანდელ კენჭისყრაზე ასევე მიიღეს "ზომა 110", რომლითაც ქუჩის ნარკოტიკების, მათ შორის ფსიქოდელიური სოკოების, მცირე რაოდენობით ფლობა დეკრიმინალიზებული გახდა.