ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე ოფიციალურად ჩაიწერა, რომ 2 თებერვალს, ბრიუსელში, პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს საბოლოოდ უყრიან კენჭს.

სხდომაზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი იქნება.

12 იანვარს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა 42 ხმით 2-ის წინააღმდეგ. მანამდე კი, 15 დეკემბერს, სტრასბურგში პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განახლებულ შეჩერების მექანიზმს დაუჭირა მხარი. აღნიშნული იყო სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ პროექტის მხარდაჭერისა და მისი ამოქმედების წინაპირობა.

შემდეგი პროცედურები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის კენჭისყრის დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე და კენჭისყრას ჩაატარებს საბჭოს სხდომაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი ცვლილებას მოაწერს ხელს და განახლებული რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 20 დღეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

იგი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი შეეძლებათ, რომ მოკლევადიანი, ანუ 90 დღე 180 დღის განმავლობაში, ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.