სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც დელავერის შტატის გენერალური ასამბლეის სენატორად აირჩიეს.

"ვიმედოვნებ, რომ ეს საღამო ლგბტ ბავშვს აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატია საკმარისად დიდია მათთვისაც", — დაწერა 30 წლის მაკბრაიდმა ტვიტერზე.

მან თავის ოლქში რესპუბლიკელი სტივ ვაშინგტონი დაამარცხა. დემოკრატმა ჰარის მაკდაუელმა, რომელმაც 44-წლიანი სენატორობის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა აღარ ისურვა, სარა მაკბრაიდს დაუჭირა მხარი.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას, სარა მაკბრაიდმა ობამას ადმინისტრაციაში სტაჟირება გაიარა, რითაც პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელმაც თეთრ სახლში იმუშავა. გარდა ამისა, ის პირველი ტრანსგენდერია, რომელიც მსხვილი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად კონგრესის წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის არჩევნებიც მიმდინარეობს.

აშშ არჩევნებთან დაკავშირებულ სიახლეებს LIVE რეჟიმში გაეცანით აქ. ასევე, ადევნეთ თვალი On.ge-ს ინტერაქტიულ რუკას.