ნიკა მელიას70 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, პროკურატურისთვის წინასწარი ცნობის გარეშე, მელიას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ნიკა მელიას მიმართ გაუქმდა ელექტრონული მონიტორინგი, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა და დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი.

"ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ, ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში იგი უკანონოდ იმყოფებოდა ამ შეზღუდვებში. ეს იყო უკანონო, ანტიკოსტიტუციური შეზღუდვები. თუ პროკურატურა თვლის, რომ არ არსებობს მიმალვის საფრთხე, არ არსებობს ახალი დანაშაულის საფრთხე და აქედან გამომდინარე მოითხოვეს შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება, სხვა სამართლებრივი ლოგიკა ამას არ აქვს", — ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

როგორც პროკურორი ამბობს, ნიკა მელიამ ელექტროსამაჯურის მოხსნით აღკვეთის ღონისძიების პირობა დაარღვია. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების გამკაცრებას, იგი განმარტავს, რომ ის გამოიხატება როგორც უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენებაში ან არსებულის გამკაცრებაში. ამ შემთხვევაში გირაოს ოდენობა გაიზარდა.

1 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელქტროსამაჯური მოიხსნა. როგორც ის ამბობს, სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს.