2020 წლის აშშ-ის არჩევნების მწვავე კამპანიაში, რომელსაც ფონად პანდემიის სირთულეები და დონალდ ტრამპის კრიმინალური ქმედებები გასდევს, ბარაკ ობამამ დაპისირპირებაში მცირეოდენი ხალისი შემოიტანა. კვირას, 1-ლ ნოემბერს, დადებულ ტვიტში ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კალათბურთის ბურთს სტაცა ხელი და იდეალური სამქულიანი ჩააგდო.

ტვიტის სათაური? ფრაზა "ისროლე შენი სასროლი", რომელსაც მოსდევს არჩევნებში ხმის მიცემის კამპანიის ბმული iwillvote.com ("მე ხმას მივცემ").

როგორც კი ვიდეოში მოცინარი ყოფილი პრეზიდენტი მოედანს ტოვებს, ის ტრიალდება, პირდაპირ კამერას უყურებს და ორჯერ ხმამაღლა ამბობს: "ვიცი რა ჩემი საქმე!" (That's what I do — პირდაპირი თარგმანით "ესაა, რასაც ვაკეთებ"). ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი ჯო ბაიდენი თავის ყოფილ უფროსს მიყვება და იძახის: "მხოლოდ ბადე!" (All net — იმის აღმნიშვნელი სლენგი, რომ ბურთი მხოლოდ ბადეს შეეხო).

მაინცდამაინც მოულოდნელი არაა, რომ ობამას კალათბურთი კარგად გამოსდის. ის ჯერ კიდევ სკოლიდან მოყოლებული თამაშობს და თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ეს უნარ-ჩვევები არაერთხელ გამოუყენებია.

და მაინც, ობამას 2020 წლის წინასაარჩევნო სამქულიანს ტვიტერზე მაყურებლები აღფრთოვანებით შეხვდნენ, მათ შორის კი — არც მეტი, არც ნაკლები — თვით "მეფე" ლებრონ ჯეიმსი იყო:

"ახლა უკვე მარიაჟობ, მეგობარო!! ესე იგი, იცი შენი საქმე?? კარგი, კარგი, ვხედავ. მხოლოდ ნაღდი დადო!"