მალე ერთი წელი შესრულდება, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ამ პერიოდში ახალმა კორონავირუსმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და გლობალური ეკონომიკა პარალიზებული დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 ვირუსი თითქმის ერთი წელია რაც მსოფლიოში ვრცელდება, მას ხშირად მაინც "ახალ" კორონავირუსს ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში რაღაცები ვისწავლეთ, ვირუსის და მის მიერ გამოწვეული დაავადების COVID-19-ის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით.

მაგალითად, არ ვიცით, რამდენად ეფექტიანია ვირუსისადმი გამომუშავებული ანტისხეულები და რამდენად ამცირებს შეძენილი იმუნიტეტი რეინფექციის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მსოფლიოს გარშემო არაერთ პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, ვაქცინების გლობალურ დისტრიბუციას მაინც დიდი დრო დასჭირდება.

პანდემიის დაწყებისთანავე, ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად ბევრმა ქვეყანამ მკაცრი პრევენციული ზომები მიიღო, რომლებიც დროთა განმავლობაში, ახალ ინფორმაციასთან ერთად იცვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთიდაიგივე ვირუსის პრობლემაა, ქვეყნები ხშირად განსხვავებულ პრევენციულ ზომებს იღებენ. მაგალითად, საქართველოში ცოტა ხნის წინ პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება ბევრგან, დახურულ სივრცეებში სავალდებულოა, მსგავსი შეზღუდვა ყველა ქვეყანაში არ არის.

როგორ ვრცელდება ვირუსი

ფოტო: Adam Cole/NPR

რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, სამი გზით ვრცელდება. პირდაპირი ფიზიკური კონტაქტით, რესპირატორული "წვეთებით" და ჰაერით. ეგრეთ წოდებული რესპირატორული წვეთები პირიდან გამოტყორცნილი ნერწყვის ნაწილაკებია, რომლებიც ვირუსს შეიცავენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერში გარკვეული დროის მანძილზე რჩება და ვირულენტობას სხვადასხვა ზედაპირებზეც ინარჩუნებს, მისი მთავარი გავრცელების გზა სწორედ ზემოხსენებული წვეთებია.

ამიტომ, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. სწორედ ამიტომ ხედავთ სხვადასხვა ნიშნებს მაღაზიებში და საზოგადო თავშეყრის ადგილებზე სადაც წერია: "დაიცავით დისტანცია".

რესპირატორულ ვირუსებს განსხვავებული ვირულენტობა და ინფექციურობა აქვთ. პათოგენის ინფექციურობა R0-ით აღინიშნება. "რეპროდუქციის რიცხვი" გვეუბნება, საშუალოდ რამდენ ადამიანზე ვრცელდება პათოგენი ერთი ადამიანიდან. მაგალითად, თუ დაავადების R0 18-ია, ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი დაავადებას საშუალოდ 18 ადამიანს გადასდებს.

ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის რეპროდუქციის რიცხვი 5,7-ია. ანუ, ერთი ადამიანი ვირუსს, საშუალოდ, 6 ადამიანზე ავრცელებს. უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი რაღაც მუდმივა არ არის და ის დროთა განმავლობაში, გარემოს მიხედვით იცვლება. მაგალითად, COVID-19 ზოგ დემოგრაფიებში უფრო ნელა ვრცელდება, მოწყვლად ჯგუფებში კი — უფრო სწრაფად.

იმის გამო, რომ COVID-19 შედარებით ახალი დაავადებაა, დაზუსტებით არავინ იცის როგორია ინფიცირების რისკი სხვადასხვა გარემოში. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, ეგრეთ წოდებული რესპირატორული წვეთებია, თუმცა იმასაც გავუსვით ხაზი, რომ ინფიცირებული წვეთები გარკვეული დროის მანძილზე ჰაერშიც ჩერდება.

აეროზოლები და მათი საფრთხე

ფოტო: Pixabay

აეროზოლი ტექნიკური ტერმინია, რომელიც ძალიან პატარა რესპირატორულ წვეთებს ეწოდება. ასეთო წვეთები ჰაერში უფრო დიდ ხანს ტივტივებენ და საკმარისი კონცენტრაციის არსებობის შემთხვევაში, ინფიცირების მაღალ რისკს ატარებენ.

მაგალითად, წითელას ვირუსი ჰაერში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჰაერში გამოტყორცნილი ინფიცირებული წვეთები ორთქლს წარმოქმნის, რომელსაც ერთდროულად ბევრი ადამიანის დაავადების პოტენციალი აქვს. შესაბამისად, წითელას რეპროდუქციის რიცხვი, ანუ R0 დაახლოებით 18-ია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსიც ჰაერით წითელას მსგავსი ეფექტიანობით რომ ვრცელდებოდეს, 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის ბევრად სწრაფ გავრცელებას ვიხილავდით. მეტად ალბათურია, რომ SARS-CoV-2, სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, პირდაპირი ტრანსმისიით, მოკლე მანძილებზე ვრცელდება.

თუმცა, არსებობს გარემოები, სადაც აეროზოლური ნაწილაკები ჰაერით და შორ მანძილზე უფრო მარტივად ვრცელდება. ესენია ადგილები, რომლებიც ცუდად ნიავდება, ხალხმრავალი და დახურული სივრცეები (ბარები, კლუბები), მაღაზიები და ა.შ. ვირუსის შორ მანძილზე გავრცელება მეტად ალბათურია, თუ ინფიცირებული ადამიანი მღერის, ყვირის ან უფრო დიდი ინტენსიობით სუნთქავს.

არსებული ინფორმაციის მიუხედავად, არავინ იცის რამდენად საშიშია ვირუსის შორ მანძილებზე ჰაერით გავრცელება. ამის კონკრეტული რიცხვი არ გვაქვს, შესაბამისად, პირბადის მუდმივად ტარება დამატებით უსაფრთხოების დაცვის საშუალება შეიძლება იყოს.

ზუსტად ისიც არ ვიცით დაახლოებით რამხელაა SARS-CoV-2-ის "ინფექციური დოზა", ანუ რამდენი ვირიონია საჭირო (ვირუსის ნაწილაკი), რომ ადამიანში ინფექცია დაიწყოს.

ლოგიკა ახალი რეგულაციის მიღმა

როგორც ხედავთ, კორონავირუსის ჰაერით შორ მანძილზე ტრანსმისიის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს და ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. ახალი რეგულაციის მიღმა არსებული ლოგიკა, მანამდე შემოღებული ზოგი პრევენციის ზომის მსგავსია: პოტენციური საფრთხის მინიმალური დანახარჯით შემცირება.

ზოგადად, "ღია სივრცეში" ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ღია სივრცის მნიშვნელობა ხშირად, კარგად განმარტებული არ არის. კერძოდ, იმას ვგულისხმობთ, რომ ღია სივრცეები ერთმანეთისგან განსხვავდება — ქუჩაში და ტყეში, ან შორეულ მყინვარზე გადაადგილება ძალიან განსხვავებულია.

თუ, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირს მიუყვებით, შეამჩენვთ, რომ ყველა ორი მეტრის დისტანციას არ იცავს, მაღაზიების და კაფეების კარები მუდმივად იღება და იხურება, ხალხი შენობებიდან გამოდის და შედის. ჰაერის ნაკადების მიმოცვლისას ჰაერში მილიონობით ნერწყვის ნაწილაკი ცირკულირებს.

თუ გავითვალისწინებთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს კორონავირუსი ჯანდაცვისთვის და ადამიანებისთვის, პირბადის ტარება ქუჩაში გადაადგილებისას საკმაოდ "მსუბუქი" დათმობაა, რომელზე წასვლაც შეგვიძლია.

მეორე მხრივ, მულტიდისციპლინარულ კვლევებსა და მეტაანალიზებს, რომლებითაც ეს რეგულაცია გამყარებულია, სავარაუდოდ, ვერ იპოვით. ინფორმაციის სიმწირისას კი, მსგავსი გადაწყვეტილებები ხშირად "სუბიექტურია".

სწორედ ეს "არ-ცოდნაა" საშიში. პანდემია ასეთი დამთრგუნველი იმიტომაა, რომ ექიმებმაც და მეცნიერებმაც, რომლებიც საზოგადოებისთვის ხშირად ავტორიტეტული ფიგურები არიან, ჯერჯერობით, არ იციან, კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებზე. ასეთ დროს კი, სიფრთხილე და პრევენცია კარგი გამოსავალია.

ამავე თემაზე: