ავსტრალიური იხვნისკარტა მეცნიერების გაოცებას განაგრძობს. როდესაც ამ უცნაურ და საინტერესო არსებას ულტრაიისფერ სინათლეზე დააკვირდნენ, აღმოჩნდა, რომ იგი, ყავისფერის ნაცვლად, მომწვანო-მოლურჯო ფერებს ასხივებდა.

საინტერესო ისაა, რომ კვერცხისმდებლების რიგში, იხვნისკარტების გარდა, სხვა სახეობებს მსგავსი ნათება არ ახასიათებთ, ეს კი მეცნიერებს ახალ თავსატეხს უჩენს: ნუთუ მათ ფლუორესცენტული ბეწვის უძველეს სამყაროს მიაგნეს?

"ბიოფლუორესცენცია უკვე შემჩნეული იქნა ახალი სამყაროს მფრინავ ციყვებში (პლაცენტიანები), ახალი სამყაროს ოპოსუმებში (ჩანთოსნები) და ავსტრალიისა და ტასმანიის იხვნისკარტებში (კვერცხისმდებლები)", — წერენ კვლევის ავტორები. "ეს ტაქსონი, რომელიც სამ სხვადასხვა კონტინენტზე და მრავალფეროვან ეკოსისტემებშია გავრცელებული, წარმოადგენს ძუძუმწოვრების ფართო განხრას".

უი - ულტრაიისფერი სინათლე

უი - ულტრაიისფერი სინათლე

ფოტო: Science Alert

საუკუნეების მანძილზე ბიოფლუორესცენცია აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა სახეობის მცენარეებში, სოკოებში, ხილში, ყვავილებში, მწერებსა და ფრინველებში. ახლა კი მეცნიერებმა მისი შემჩნევა ცხოველთა სამეფოშიც დაიწყეს. უცნაური კი ისაა, რომ მათი უმეტესობის აღმოჩენა სრულიად შემთხვევით მოხდა.

მაგალითად, 2015 წელს მკვლევრებმა, მანათობელი მარჯნების ძიებისას, შემთხვევით პირველი ფლუორესცენტული ზღვის კუ აღმოაჩინეს. ორი წლის შემდეგ, ასევე მოულოდნელად მიაგნეს ფლუორესცენტულ ბაყაყს, რის შემდეგაც გუნდმა სხვა მეცნიერებს ურჩია, საველე გასვლების დროს თან ეტარებინათ ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ფანარი.

ძუძუმწოვრებში, პირველი ბიოფლუორესცენტული სახეობა 1983 წელს აღმოაჩინეს, ვირჯინიაში. ეს იყო ოპოსუმი, ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ერთადერთი ჩანთოსანი. 2017 წელს კი, სრულიად შემთხვევით, მკვლევრებმა მსგავსი რამ ჩრდილოეთ ამერიკული მფრინავ ციყვებშიც (გლაუკომისი) შეამჩნიეს. ეს ცხოველები პლაცენტიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან.

როდესაც მეცნიერები ღამით ლიქენებს იკვლევდნენ, ისინი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც შემთხვევით ნათურის შუქზე ვარდისფრად მოელვარე მფრინავი ციყვი შენიშნეს.

ოპოსუმებისა და ციყვების მთავარი საერთო თვისება ისაა, რომ ორივე მათგანს დღისით სძინავს და ღამის ცხოვრების წესს მისდევენ, ბიოფლუორესცენცია კი სწორედ ღამით, სიბნელეშია ყველაზე შესამჩნევი. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს მოვლენა ყველაზე გავრცელებული უნდა იყოს იმ ძუძუმწოვრებში, რომლებიც ღამით, გამთენიისას ან შებინდებისას აქტიურდებიან.

ამ ორი სახეობის მსგავსად, ავსტრალიის იხვნისკარტაც ღამის ცხოვრების წესს მისდევს. თუმცა, ამ სახეობამ, მფრინავ ციყვებთან და ოპოსუმებთან შედარებით, 150 მილიონი წლით ადრე დაიწყო ევოლუცია.

ავსტრალიის იდუმალი მანათობლები

შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ავსტრალიის ცხოველებში ბიოფლუორესცენციის შესწავლას, თუმცა თუ აქ მობინადრე სხვა სახეობებსაც ახასიათებთ ეს თვისება, მაშინ მოელვარე ბეწვი შეიძლება იმაზე ბევრად ადრე განუვითარდათ ცხოველებს და იმაზე უფრო გავრცელებულია, ვიდრე აქამდე ეგონათ მეცნიერებს.

"ეს ალბათ ცნობისმოყვარეობისა და ინტუიციის შედეგი იყო, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ფანარი მაინცდამაინც იხვნისკარტასკენ მივმართეთ ავსტრალიის საველე მუზემში", — იხსენებს ბიოლოგი პაულა სპიტ ანიქი ნორტლენდის კოლეჯიდან. "ახლა ჩვენ გვაინტერესებს, თუ ევოლუციის რამდენად ადრეულ საფეხურზე განივითარეს ძუძუმწოვრებმა ბიოფლუორესცენტული ბეწვი".

მკვლევრებმა ამ მოვლენის შესწავლა მუზეუმის ორი ნიმუშით, ტასმანიაში მოპოვებული მამრი და მდედრი იხვნისკარტებით დაიწყეს. მათზე სინათლის დასხივებისას აღმოჩნდა, რომ ისინი გამოსხივების ულტრაიისფერი სინათლის ტალღებს შთანთქავენ და შემდეგ ხილულ, მომწვანო ან მოცისფრო სინათლეს გამოასხივებენ.

ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია) მოპოვებულ ნიმუშზე დაკვირვებებმაც იგივე შედეგი აჩვენა. "ამ ნიმუშის ბეწვი, რომელიც ხილულ სინათლეზე ყავისფერია, ულტრაიისფერი დასხივების შედეგად მწვანე და მოცისფრო შეფერილობას იღებდა", —წერენ კვლევის ავტორები.

გუნდმა განაცხადა, რომ აქამდე იხვნისკარტებში ბეწვის ნათება არ აღმოუჩენიათ და ეს ზოგადად, კვერცხისმდებლებში ბიოფლუორესცენციის შემჩნევის პირველი შემთხვევაა. თუმცა, The Queensland Mycological Society-ს (ქუინსლენდის მიკოლოგიური, ანუ სოკოების შემსწავლელი საზოგადოება) წევრი, ლინდა რეინჰოლდი, აცხადებს, რომ მან ივნისში გზაზე მოკლული იხვნისკარტა შეამჩნია, რომელიც ასევე მომწვანო-მოცისფროდ ანათებდა.

"იხვნისკარტას ბეწვი ულტრაიისფერ სინათლეზე დაკვირვებისას აღმოჩნდა უმეტესად მუქი იისფერი, ბეწვის ნაწილი კი ხავსისმაგვარ მწვანე ფერსაც გამოსცემდა, თუმცა ნაკლებად კაშკაშას", — წერს ლინდა რეინჰოლდი ქუინსლენდის საზოგადოების წერილში.

გარდა ამისა, რეინჰოლდმა გზაზე ორი ჩრდილოური ბანდიკუტიც იპოვა (ჩანთოსანი ცხოველი), რომლებიც ვარდისფრად ანათებდნენ და მან მათი მოხელთებაც მოახერხა.

ჯერ კიდევ ადრეა იმაზე დასკვნის გაკეთება, თუ რაში ეხმარება ბიოფლუორესცენცია ღამის ცხოველებს, თუმცა მეცნიერებს რამდენიმე სავარაუდო იდეა უკვე აქვთ ამის შესახებ. როდესაც 2017 წელს ეს თვისება მფრინავ ციყვებში აღმოაჩინეს, მკვლევრები ფიქრობდნენ, ეს შესაძლოა კამუფლაჟის ფორმა ყოფილიყო, ვინაიდან ციყვები ხეებზე ცხოვრობენ და ხეები ძირითადად ბიოფლუორესცენტული ხავსითა და ლიქენებითაა დაფარული. რეინჰოლდის მიერ აღმოჩენილი ბანდიკუტები კი მიწისქვეშ მცხოვრები ძუძუმწოვრები არიან, რაც მათ პირიქით, უფრო შესამჩნევს ხდის. ამიტომ ფლუორესცენტულობის უპირატესობა გარემოებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ზოგიერთი სახეობის ფრინველში, მათი ბიოფლუორესცენტული ფრთები შეწყვილების რიტუალში დიდ როლს თამაშობს. თევზები კი ამ თვისებას საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.

თუმცა, მამრ და მდედრს იხვნისკარტებში თანაბარი ფლუორესცენტულობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს თვისება მათში სქესობრივი დიმორფიზით არ ხასიათდება. და ვინაიდან იხვნისკარტებს ცურვის დროს თვალები უმეტესად დახუჭული აქვთ, სავარაუდოდ, ისინი ბიოფლუორესცენციას სხვა იხვნისკარტებთან კომუნიკაციისთვისაც არ იყენებენ. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ბეწვის ნათება მათთვის კამუფლაჟის მთავარი იარაღია. ისინი შთანქთქავენ უი გამოსხივებას და ასე ემალებიან მტაცებლებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან უი გამოსხივების მიმართ და განსაკუთრებით კარგად აღიქვამენ მას.

სანამ მეცნიერები საბოლოო დასკვნას გამოიტანდნენ იმის შესახებ, თუ რა მიზნით იყენებენ იხვნისკარტები თუ სხვა ცხოველები ბიოფლუორესცენციას, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო. ჯერ ისიც კი არ იციან, თუ როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი. მათთვის ისევ გაურკვეველია, განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ამ თვისების უპირატესობები სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებში. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება და ის დანამდვილებით ვიცით, რომ ბიოფლუორესცენცია ახასიათებთ როგორც კვერცხისმდებლებს, ასევე პლაცენტიანებსა და ჩანთოსნებს და ძუძმწოვრებში ეს თვისება უშორესი წარსულიდან იღებს სათავეს.

სხვა თუ არაფერი, ეს აღმოჩენა მოცემულ საკითხში ჩვენი აშკარა უვიცობის კარგი შეხსენებაა.