ოპოზიციურმა პარტიებმა იმის აღსანიშნავად, რომ მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

"ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში", — აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის, დაშინებისა და მასშტაბური მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. მათივე თქმით, არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება", — აცხადებს ოპოზიცია.

ოპოზიციური პარტიების შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერენ, ასევე, იმ ბლოკებში შემავალი პარტიები, რომლებიც ცესკოს შედგებით, პარლამენტში მოხვდნენ.