როგორც ჩანს, ესთერს კიდევ დარჩა დასასრულებელი საქმეები.

იზაბელ ფურმანი, რომელმაც 2009 წელს ცნობილ საშინელებათა ჟანრის ფილმში ობოლი (Orphan) შესრულებული როლით ჰოლივუდიც კი გააოცა, მალე ამ ფილმის პრიქველში კვლავ მთავარი ანტაგონისტის ამპლუაში მოგვევლინება.

ფურმანი აღმოსავლეთ ევროპული წარმოშობის ბავშვის როლს ასრულებდა, რომელიც ტკივილის შესამსუბუქებლად დამწუხრებულ წყვილმა იშვილა (ცოლ-ქმრის როლს ვერა ფარმიგა და პიტერ სარსგაარდი ასრულებენ).

იზაბელი ამ დროს 12 წლის იყო და მართლაც უჩვეულოდ საინტერესო სამსახიობო შესრულება შემოგვთავაზა საშიში დამნაშავისა, რომელიც თავს 9 წლის ბავშვად ასაღებს და ცივსისხლიან დანაშაულებს სჩადის.

ვერა ფარმიგა და იზაბელ ფურმანი ფილმში ობოლი.

ფოტო: Warner Bros.

ინფორმაცია იმის შესახებ, ათ წელზე მეტის გასვლის შემდეგ ამ ფილმის ახალ ნაწილს იღებდნენ, ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა. თავდაპირველი ფილმი ესპანელმა რეჟისორმა ჟაუმი კოლეტ-სერამ გადაიღო, მომავალ ფილმზე კი იმუშავებს უილიამ ბელი, რომელსაც მანამდე ისეთი ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმები გადაუღია, როგორებიცაა Stay Alive (2006), The Devil Inside (2012) და The Boy (2016).

ჯერჯერობით ობოლის მომავალი ნაწილის შესახებ სხვა კონკრეტული ინფორმაცია საჯარო არ არის, თუმცა, რადგან ცნობილია, რომ ის პრიქველი იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასში ესთერის შემზარავი დანაშაულებების საწყისი ეტაპი იქნება აღწერილი: პირველ ნაწილში განვითარებულ მოვლენებამდე არსებულ პრეისტორიას გავიგებთ — როგორ დააღწია თავი რუსეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ესთერის სახელით ცნობილმა ამ ბოროტმოქმედმა და რა ჩაიდინა მანამდე, სანამ ამერიკაში აღმოჩნდებოდა.

ჯერჯერობით ფილმის გადაღებები არ დაწყებულა, შესაბამისად, პანდემიიდან გამომდინარე, იმის თქმაც რთულია, თუ როდის შეძლებს მაყურებელი მის ხილვას. თუმცა დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ ეკრანზე უახლოეს მომავალში ესთერის შავბნელ პიროვნებას უკეთესად გავიცნობთ.

ფოტო: Warner Bros.