ერთ-ერთ ბოლო ტვიტში, Tesla-ს CEO — ილონ მასკი ელექტროპიკაპ Cybertruck-ის რედიზაინზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანია მანქანის ახალ დიზაინს, დაახლოებით, ერთ თვეში წარადგენს.

ელექტროპიკაპს მომხმარებელი დიდი ხანია ელის, მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში წარუდგინეს ის საზოგადოებას. პრეზენტაციის შემდეგ, მასკმა არაერთხელ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც მოდელის დიზაინში უნდა შევიდეს, იმისათვის, რომ ის წარმოებაში ჩაეშვას. ელექტროპიკაპის შეძენა კი 2021 წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

ჯერჯერობით, ისევ უცნობია, კონკრეტულად რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ცნობილ Cybertruck-ში, თუმცა, რამდენიმე ვარაუდი მაინც შეიძლება გვქონდეს.

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ იმაზე კარგი მანქანები მივაწოდოთ მომხმარებელს, ვიდრე პრეზენტაციისას წარვუდგინეთ. Cybertruck-ის შემთხვევაშიც იგივე მიზანი გვაქვს და რამდენიმე კუთხით, მისი დიზაინი უნდა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, ის იმაზე კარგი იქნება, ვიდრე პირველად პრეზენტაციაზე განახეთ", — ამბობს ილონ მასკი.

2019 წლის დეკემბერში მასკმა დატვიტა, რომ აპირებდნენ მოდელის სიგრძის შემცირებას. Teslarati-ს ცნობით კი, Tesla ცდილობს Cybertruck უფრო გრძელი ნივთების გადასაზიდად გახდეს მოსახერხებელი. ამ მიზნის მისაღწევად კი, შესაძლოა, ელექტროპიკაპის უკანა მინა სრულად იღებოდეს.