გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, საკუთარ უბანზე 4 ხმა, ხოლო დედამისის უბანზე, 0 ხმა აიღო, რასაც პირდაპირ დავალებას უკავშირებს, არ დაეწერათ მისთვის 0,3%-ზე მეტი. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენთან მიმართებაში იყო დავალება, რომ 0,3%-ზე მეტი არ დაეწერათ და ამ ტიპის ბალანსი გამოდის ყველა ბიულეტენიდან. საკუთარ უბანზე, სადაც, გარდა ჩემი და ჩემი მეუღლისა, სამეზობლო და ახლობლები მყავს, 4 ხმა მაქვს. დედაჩემის უბანზე 0 ხმა მაქვს. სიდედრის უბანზე, სადაც, ასევე, ცხოვრობს ჩემი მეუღლის მთელი სამეგობრო, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი, 3 ხმა მაქვს, იქაც ვერ მოზომეს, რომ ბალანსი დაეცვათ", — განაცხადა ოქრუაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პერმანენტულად აქციებს გეგმავს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტში პროპორციული სიისთვის 120 მანდატია გათვალისწინებული. ცესკოს ახლანდელი მონაცემებით, ეს მანდატები პარტიების მოპოვებული ხმების მიხედვით ასე უნდა გადანაწილებულიყო:

  • ქართული ოცნება — 48,15% — 61 მანდატი;
  • ნაციონალური მოძრაობა და ძალა ერთობაშია — 27,14% — 35 მანდატი;
  • ევროპული საქართველო — 3,78% — 5 მანდატი;
  • ლელო — 3,15% — 4 მანდატი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15% — 4 მანდატი;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,15% — 4 მანდატი;
  • გირჩი — 2, 89% — 4 მანდატი;
  • მოქალაქეები — 1,33% — 2 მანდატი;
  • ლეიბორისტული პარტია — 1% — 1 მანდატი.