ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Raspberry Pi-მ, რომელიც წლებია მინიატურულ და დაბალბიუჯეტიან კომპიუტერებს აწარმოებს, ახალი პროდუქტი — Raspberry Pi 400 წარადგინა. ეს არის კლავიატურაში ჩაშენებული ARM ტექნოლოგიის კომპიუტერი, გარეგნულად კი უბრალო კლავიატურა, რომელიც ნებისმიერ ეკრანთან შეერთების შემთხვევაში, კომპიუტერის ფუნქციას შეასრულებს. ეკრანთან დასაკავშირებლად ამ მოწყობილობას HDMI პორტები აქვს, გარდა ამისა, მასში microSD ბარათის მოთავსება შეგიძლიათ, ისევე, როგორც მაუსის მიერთება.

Raspberry Pi 400-ის შეძენა უკვე დღეიდან, 70 დოლარადაა შესაძლებელი. ხოლო თუ კლავიატურა — კომპიუტერთან ერთად მაუსის, ენერგიის წყაროს, microSD ბარათისა და HDMI კაბელის შეძენაც გსურთ, დაახლოებით, 100 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს ბავშვებს პროგრამირების შესწავლაში. შესაბამისად, Raspberry Pi-ს ყველა მოწყობილობა დაბალბიუჯეტიანია, იმისათვის, რომ მსგავსი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

Raspberry Pi 400 აღჭურვილია ოთხბირთვიანი, 64 ბიტიანი პროცესორით, რომელსაც 4GB-იანი ოპერატიული მეხსიერება აქვს და მასზე 4K ვიდეოს ყურებაც შეგვიძლია. გარდა ამისა, მოწყობილობის ფასს თუ გავითვალისწინებთ, აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მიერთება ორ ეკრანზე ერთდროულადაც შეგვიძლია, ასევე, Raspberry Pi 400-ს აქვს უსადენო ინტერნეტკავშირის მხარდაჭერაც.

თუ გავითვალისწინებთ ამ მახასიათებლებს, Raspberry Pi 400 პორტატული, კლავიატურაში ჩაშენებული კომპიუტერია, რომელიც უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც პროგრამირების, ასევე სხვა მიზნებისთვისაც.