ოქტომბრის ბოლოს საშა ბარონ კოენის გახმაურებული კომედიის მეორე ფილმი გამოვიდა, რომელმაც უამრავი მაყურებელი კვლავინდებურად ძალიან გაამხიარულა, ამავდროულად კი რიგ საკითხებზე სერიოზული შეშფოთების მიზეზებიც სააშკარაოზე გამოიტანა.

მაიკ პენსის საჯარო შეხვედრაზე შეჭრიდან დაწყებული რუდი ჯულიანის ინტიმური კადრების გავრცელებით დამთავრებული, რომელმაც არჩევნების წინ აშშ-ში პოლიტიკური სკანდალიც კი გამოიწვია, ბორატის მომდევნო ფილმი სრულიად თავზეხელაღებულ თავგადასავალს გვთავაზობს, რომელიც კინოსამყაროსთვის არც ისე ნაყოფიერი წლის მიუხედავად, მაყურებლების ფავორიტი სანახაობა აღმოჩნდა.

ვინც გამოგონილი ყაზახი ჟურნალისტის, ბორატ საგდიევის ახალი საათნახევრიანი ფილმი ამერიკაში მოგზაურობაზე ვერ იკმარა, შეუძლია რამდენიმე ახალი კადრი იხილოს, რომლებიც ფილმის საბოლოო ვერსიაში ვერ მოხვდა, თუმცა მისმა ავტორებმა სულ ცოტა ხნის წინ სოციალური მედიის საშუალებით დიდსულოვნად მაინც გაგვიზიარეს.

მაგალითად, ამ ახალი ვიდეოს მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ბულგარელი მსახიობი მარია ბაკალოვა, რომელიც ბორატის არასრულწლოვან შვილ ტუტას ასახიერებს, თეთრ სახლშიც კი მოხვდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟს გაესაუბრა, რომელსაც ასევე დონალდ ტრამპი ჰქვია.

"OAN (მემარჯვენე ტელეარხი) ყველაზე ზუსტი წყაროა მთელ ამერიკაში. ეს იქიდან ვიცი, რომ მათ ჩემი შვილი თეთრ სახლში ყოველგვარი უსაფრთხოების შემოწმების ან კოვიდ-ტესტის გაკეთების გარეშე შეიყვანეს", — ამბობს ბორატი ვიდეოში.

ბორატის მეორე ფილმში ერთ-ერთი ყველაზე კომიკური სცენა ექსტრემისტების მიერ გამართულ კონცერტზე დასწრება იყო, სადაც საშა ბარონ კოენმა ქანთრი სტივის სახელით რასისტული სიმღერა იმღერა და იქ დამსწრეებიც აიყოლია.

მეორე ფილმში არშესულ კადრებში, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ვხედავთ, თუ როგორ დასრულდა ქანთრი სტივის გამოსვლა ამ კონცერტზე:

ბორატის პირველი ფილმი 2006 წელს გამოვიდა და ბასრი იუმორით მალევე მრავალი მაყურებლის გული მოიგო. ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა ფილმის მეორე ნაწილი, რომელსაც დონალდ ტრამპიც კი გამოეხმაურა, კინოსურათს კი მომავალ ოსკარებზე დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.

ამავდროულად, გამოგონილ პერსონაჟ ბორატ საგდიევის სამშობლომ — ყაზახეთმა, ამ ულვაშიანი ჟურნალისტის ფრთიანი ფრაზა "მშვენიერია!" ახალი ტურისტული კამპანიის სლოგანად გამოიყენა.

თუ რითი მოახერხა კონკრეტულად საშა ბარონ კოენმა ამ ახალ ფილმში ყველას გაოცება, აი აქ ნახავთ ვრცლად: 10 ყველაზე თავზეხელაღებული სცენა ბორატის მეორე ნაწილიდან.