"მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც", — ასე შეაფასა ექს-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

"როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში — გარდაუვალად", — წერს კვირიკაშვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება ლიდერობს და მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშაუალება ექნება.

არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ ძირითადი პოლიტიკური პარტიები. მათ პირველ ნოემბერს შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ მანდატებზე უარი უნდა თქვან, რათა პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნას ცნობილი და ვადამდელი არჩევენები დაინიშნოს.