NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის უფროსის, ოსმან აშკინ ბაკის განცხადებით, საარჩევნო უბნების გარეთ დამაშინებელი გარემო იყო. მისივე თქმით, ეს ატმოსფერო ადგილზე უბნებთან მობილიზებული აქტივისტების გამო იქმნებოდა. თუმცა, 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ბაკმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

"ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია. მაგალითად, პრობლემურია მედიის პოლარიზება, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი", — განაცხადა ოსმან აშკინ ბაკმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ნება აჩვენს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აქვთ ვალდებულება აღებული დემოკრატიის მიმართ. მან, ასევე, სინანული გამოთქვა, რომ არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე —აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვერ გაიმართა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დელეგატების ზოგადი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო და არჩევანის ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო.