ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელის, ელონა ჯებრეა ხოჯას განცხადებით, იყო ბრალდებები, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი არ იყო გამიჯნული. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ბრალდებები ამომრჩევლებზე ზეწოლასაც შეეხებოდა.

"ტექნიკური საკითხები პანდემიის პირობებში ეფექტურად იყო ორგანიზებული. თუმცა, მმართველი პარტიის დომინანტურობამ საარჩევნო კომისიებში ადამიანებს არჩევნების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარებაზე ეჭვი გაუჩინა", — განაცხადა ხოჯამ პრესკონფერენციაზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არჩევნების ადმინისტრირების საკითხებში მიღწეული წარმატებისა, არსებობს ხარვეზები და მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დელეგატების ზოგადი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო და არჩევანის ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო.