თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში სრული შემადგენლობით უკვე ჩავიდა.

უწყების განცხადებით, რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული II ქვეითი ბრიგადის ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს. ისინი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ასეულმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიისთვის მზადება ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ჯერ საქართველოში, მანავში, სამი თვის განმავლობაში რეინჯერთა მომზადების სკოლაში გაიარა, შემდეგ კი, - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე.