გლდანის 79-ე უბანთან პუბლიკას ჟურნალისტის თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. პუბლიკაში ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა, რა დროსაც ტელეფონი დაზიანდა.

ინციდენტი დღეს, 31 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტების დაპირისპირების დროს მოხდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: