გუდიაშვილის მოედანზე მდებარე გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და N3-ის არქიტექტურულ პროექტებზე თბილისის განვითარების ფონდმა საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსის შედეგად ისეთი პროექტები შეიქმნება, რომლებიც თავისი ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისი იქნება. უწყების ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში შეიქმნება გალერეის ფუქნქციის სივრცე, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8 და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები გაკეთდება.

როგორც მერიის განცხადებაშია მითითებული, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა არქიტექტორს, ინტერდისციპლინარულ ჯგუფს, ორგანიზაციას, ან არქიტექტურულ სახელოსნოს. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სტუდენტებსა და საკონკურსო კომისიის წევრებთან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობებში მყოფ პირებს.

აბო თბილელელის ქ. N3/8 და N3-ში ში პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 186 000 ლარია, ხოლო გია აბესაძის 23/1 პროექტის ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

საკონკურსო კომისიაში მოწვეულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და არქიტექტორები.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისადმი პროტესტი ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციისა და კონსერვაციისათვის შედგენილ პროექტებს "ტფილისის ჰამქარი" აპროტესტებს.