ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ შონდა რაიმსის ლეგენდარული სამედიცინო დრამა გრეის ანატომია დასასრულს უახლოვდება.

აღმოჩნდა, რომ გავრცელებული აზრი სიმართლისგან ძალიან შორსაა. როგორც ABC-ის დირექტორი, ჩენინგ დანგი ამბობს, გრეის ანატომია შემდეგ წელსაც აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ეს მისი ბოლო სეზონი არ იქნება.

ამჟამად სერიალი მეცამეტე სეზონს ითვლის და არხის ხელმძღვანელობის მიზანია, გრეის ანატომიამ საკულტო სერიალ სასწრაფოს აჯობოს, რომელიც 15 სეზონისგან შედგებოდა.

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გრეის ანატომია ეთერში იქნება მანამ, სანამ ამის სურვილი შონდა რაიმსს ექნება", - ამბობს ABC-ის გასართობი გადაცემების განყოფილების უფროსი.

გრეის ანატომია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რეიტინგული შოუა, რომელიც ამერიკის ტელევიზიის ეთერში გასულა. მის შემქმნელ შონდა რაიმსს ასევე ეკუთვნის სერიალები - სკანდალი და როგორ ავირიდოთ სასჯელი მკვლელობისთვის.