მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მათი წილი პასუხისმგებლობა იტვირთონ და არჩევნებზე მივიდნენ. ის თხოვს ხალხს, რომ გააკეთონ არჩევანი წრფელი სინდისითა და სხვათა ძალდატანების გარეშე და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

"მოქალაქე ვალდებულია თავისი ქალაქისა თუ სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული, აზრზს გამოთქვამდეს, თუნდაც არჩევანში ცდებოდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდეს. ესაა მთავარი, ეს უნდა გავიაზროთ. არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა", — წერს ის.

ეპისკოპოსი მრევლს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ახსენებს იმაში დასარწმუნებლად, რომ არჩევნებზე აქტივობა მნიშვნელოვანია.

"და ბოლოს, თუკი ჩემი, რიგითი ეპისკოპოსის სიტყვები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ არჩევნებზე მისვლა გადაგეწყვიტათ, გთხოვთ გამოჩენილ და გამორჩეულ ქართველს, ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ ილია მართალს (ჭავჭავაძე) მოუსმინეთ:

"იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ", — წერს ხაჩიძე.

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ისტორიაში პირველად არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება. საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნება.