დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მონიტორინგის თანახმად, წინასაარჩვენო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების მონაწილეობა შეინიშნება.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ. მეორე მხრივ, კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან როგორც პირდაპირ მოწოდებებს საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ (ან საწინააღმდეგოდ), ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ, თუმცა შეზღუდვა სასულიერო პირებზე არ ვრცელდება.

"თუმცა, რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტიდან გამომდინარე, სასულიერო პირის მიერ გაწეულმა აგიტაციამ, შესაძლოა ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე ზეგავლენა იქონიოს", — ამბობენ ორგანიზაციაში.

მონიტორინგის თანახმად, 1 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. ამასთან, სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტიის ქართული იდეა მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც.

ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენების მცდელობად DRI-ში ბაგრატის ტაძრის ეზოში ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ღონისძიების ჩატარებას ასახელებენ. მათივე თქმით, მმართველი პარტიის საარჩევნოდ დარიგებულ ჟურნალში ილია მეორის ფოტოა ჩასმული.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროპულმა საქართველომ ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატად ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე წარადგინა:

"გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ მუსლიმთა კავშირი წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას, კანდიდატად ორგანიზაციის თავმჯდომარის წარდგენა, შესაძლოა, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდეს მიზნად".

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, DRI-ში ამბობენ, რომ რელიგიური ორგანიზაციის ავტორიტეტის გამოყენების მცდელობად შეიძლება ბაგრატის ტაძრის ეზოში ამომრჩეველთან შეხვედრა შეფასდეს.

პირველ სექტემბერს, დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა, რომელიც ბაგრატის ტაძარის ეზოში გაიმართა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რელიგიურმა ორგანიზაციებმა და კონკრეტულმა სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და ისეთი ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე.