ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის კონკრეტულმა წარმომადგენლებმა არეულობის მოწყობაზე კომუნიკაცია, ფაქტობრივად, აღიარეს. მისივე თქმით, მათ ეს წამოცდათ.

"მათ ეს კომუნიკაცია სიტყვა-სიტყვით აღიარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე თუ შეცდებოდნენ არ მეგონა, მაგრამ ფაქტია, რომ წამოცდათ და აღიარეს ის საუბარი თავისი დეტალური შინაარსით, რომელიც მათ შორის გაიმართა. პირველი რჩევა, როდესაც საუბრობენ ტელეფონზე, ყურთან მიიდონ, ნუ დაიზარებენ. მეორე, ინფორმაციის გამტანი ეძებონ იმ 3 კაცში, რომლებიც მათ ძალიან ახლობლებად მიაჩნიათ", — განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან ინფორმაციას იღებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავენ და არჩევნების დროს რის გავრცელებას აპირებენ ნაციონალური მოძრაობიდან.

მას არ დაუკონკრეტებია, საიდან იცის ამ საუბრის შესახებ, მხოლოდ ის თქვა, რომ დიალოგი ისეთ ადგილას იყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. TV პირველის ჟურნალისტის განცხადებით კი, საუბარი ტელეფონით შედგა და დადასტურდა, რომ მას უსმენენ.

არჩევნების დღეს ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მოწყობის გეგმაზე კობახიძემ გუშინ, 29 ოქტომბერსაც განაცხადა. ამის შემდეგ კი ისაუბრა TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავმჯდომარის, ბესო ქათამაძის დიალოგზე. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ჟურნალისტი ქათამაძეს ეკითხებოდა, სად სჭირდებოდა მხარდაჭერა "არეულობის პროცესში".