ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს მობილიზებული. მან კონკრეტული ოლქებიც დაასახელა, სადაც, მისი თქმით, "პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია".

"პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული", — განაცხადა კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

ჟურნალისტების კითხვას, უკვე მიმართეს თუ არა პოლიციას ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს გააჟღერეს, კობახიძემ უპასუხა:

"ჩათვალეთ, რომ ჩვენ უკვე საჯაროდ მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანიზაციებს"

კითხვას, აქვთ თუ არა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მასალები, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს, რომ აქვთ სიები და ინფორმაცია აღჭურვილობის შესახებ. სხვა მასალებზე მას არ უსაუბრია.

On.ge კობახიძის ბრალდებებზე ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირდა. პარტიაში ამ თემაზე განცხადებას 16:00 საათზე გააკეთებენ