პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, როცა ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე საკითხი ყოველთვის ხდება რუსეთი და პრორუსულობა.

"პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა გუშინ ენმ-ის აქციაზე ბუბა კიკაბიძის გამოსვლის შესახებ, რომელმაც სიმღერა "თბილისო" რუსულად შეასრულა.

ასევე, გახარიამ განაცხადა, რომ ლარის კურსი ასე თუ ისე დასტაბილურებულია, ოპოზიციას თემა საერთოდ არ აქვს და თემა გახდა "გრუს" ანალიტიკური წერილი, რომელიც მთავარმა არხმა გაასაჯაროვა.

მთავარი არხის ინფორმაციით, საქართველოში წინასაარჩევნოდ გარკვეული თემების აქტუალიზაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში, "გრუში" იგეგმება. მათივე თქმით, ასე მოხდა ამჯერადაც და წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ერთ-ერთი, დავით-გარეჯის თემაც, სწორედ, "გრუში" დაიგეგმა.

"სამწუხაროდ, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის მიერ "გრუს" გეგმებზე დასმულ კითხვას.