პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 29 ოქტომბერს გამართულ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას შეიძლება სამართლებრივი შეფასება მიეცეს, მაგრამ, მისივე თქმით, მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება.

"ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო უკვე ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა სადღაც შორიდან სკაიპით ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებას, რა თქმა უნდა, შეიძლება სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევა, შესაბამისად ვერავინ და ვერაფერი ვერ შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს, სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამიად", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებაზე პასუხი არათუ უკან დახევა, არამედ შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება იქნება. აღნიშნული განცხადება ექსპრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ჩართვისას გააკეთა.