საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საარჩევნო დღეს ნებისმიერი სახის პროვოკაცია და კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა ჩაიდენს მას, იქნება უმკაცრესად დასჯილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა, 24 საათიან კავშირზე ვართ ჩვენს დამკვირვებლებთან, რამეთუ, მათ მუშაობაშიც არანაირი შეფერხება არ შეიქმნას", — განაცხადა გახარიამ.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.