პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქალების რეპროდუქციული უფლებები კიდევ უფრო შეზღუდა — აბორტის გაკეთება აიკრძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩანასახს ფიზიკური პათოლოგია აქვს.

ამან პოლონეთში მასობრივი აქციები გამოიწვია: ათასობით ქალი მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აბორტების უფლებას უჭერს მხარს. დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონელმა მწერალმა და აქტივისტმა ოლგა ტოკარჩუკმა, რომელსაც ნობელის 2018 წლის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში.

ნობელიანტი ავტორი თავის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს:

"რელიგიურ ფუნდამენტალიზმს ყოველთვის მხოლოდ ტანჯვა, წამება და სიკვდილი ახლავს თან. ეს უკვე კარგად ვიცით ისტორიიდან: გახსოვთ "წყლის გამოცდა"? ქალს, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებდნენ, გაკოჭავდნენ და წყალში მოისვრიდნენ. თუ გადარჩებოდა, მას დამნაშავედ სცნობდნენ, ხოლო თუ დაიხრჩობოდა, მის უდანაშაულობას აღიარებდნენ და პატივს მიაგებდნენ. მსგავსი რამ ხდება დღესაც — დანაშაულის ან პატივისცემის გარეშე ქალებს იმ ბავშვების გაჩენა მიესჯებათ, რომელთაც პათოლოგია აქვთ ან სიცოცხლისუნარიანები არ არიან.

ხელისუფლებამ პოლონეთში ინკვიზიციური კანონი დააბრუნა.

ეს საუკუნეების განმავლობაში პატრიარქატის მიერ ქალების წინააღმდეგ გამართული ომის მორიგი ტალღაა, რომელსაც ამჯერად სიცოცხლის დაცვის საბაბით ახორციელებენ. ქალებისა და მათი სხეულების აკვიატებული ზიზღი და დაუძლეველი სურვილი, რომ მათი სექსუალობა და რეპროდუქცია აკონტროლო, სისუსტის განცდისგან მომდინარეობს. პატრიარქატი დანგრევის პირას მყოფი კოლოსია.

მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ეს სისტემა ცინიკურად გამოიყენებს კრიზისის, ომისა თუ ეპიდემიის ყველა შესაძლო მომენტს, რათა ქალები კვლავ სამზარეულოებს, ეკლესიებსა და აკვნებს მიაჯაჭვოს. ქალები უფლებებს ერთხელ და სამუდამოდ ვერ მოიპოვებენ: ჩვენ ეს უფლებები ისე უნდა დავიცვათ, როგორც სხვა ნებისმიერი მონაპოვარი, რომელიც ჩვენი სამოქალაქო უფლებებისა და ადამიანური ღირსების საზღვრებს აფართოებს. ამიერიდან ჩვენ ყველანი მეომრები ვართ", — წერს ოლგა ტოკარჩუკი.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში აქამდეც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებდა აბორტთან დაკავშირებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 1993 წლიდან ქვეყანაში ქალებს მხოლოდ მაშინ ჰქონდათ ორსულობის შეწყვეტის უფლება, როცა ჩასახვა გაუპატიურებით ან ინცესტური კავშირით მოხდა, თუკი მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო ან თუ ჩანასახს სერიოზული პათოლოგია ჰქონდა განვითარებული.

კანონის კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ საუბარი ამ წლის პირველ ნახევარში გააქტიურდა და ქალთა უფლებადამცველები შიშობდნენ, რომ ხელისუფლება პანდემიისას არსებულ მდგომარეობას გამოიყენებდა, რათა მათი უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდა.

მართლაც ასე მოხდა, თუმცა პანდემიამ ქალებს ვერ შეუშალა ხელი, რომ ქუჩაში თავიანთი უფლებების დასაცავად გამოსულიყვნენ: საპროტესტო აქციები გაიმართა ეკლესიაშიც კი, რაც მეტად უჩვეულოა პოლონეთისთვის, რადგან ქვეყანაში კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს.

პოლონეთი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა კონსერვატიული ღირებულებების მქონე სახელისუფლებო მმართველობით, რაც არა მარტო ქალთა უფლებების შეზღუდვით, არამედ LGBTQ ადამიანების მძიმე მდგომარეობაშიც გამოიხატება: აგვისტოში სხვადასხვა სფეროდან ცნობილმა სახეებმა პოლონეთის LGBTQ თემის უფლებების მხარდამჭერ ღია წერილს მოაწერეს ხელი.