ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა.

გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 9 940-მა მოქალაქემ მიმართა.

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს, სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდათ 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის აქტიური 17 142 შემთხვევაა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 4 200, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 324.